ევროკომისია Facebook-ის წინააღმდეგ ოფიციალურ ანტიმონოპოლიურ გამოძიებას დაიწყებს. ის შეაფასებს, დაარღვია თუ არა Facebook-მა სამართლიანი კონკურენციის წესები ონლაინ რეკლამის ბაზარზე.
გამოდის, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა Facebook-ს და მის კონკურენტებს კითხვარი გაუგზავნეს. ევროკავშირი კითხულობს, შეაფერხა თუ არა Facebook-მა ონლაინ რეკლამის ქსელი თავისი Marketplace სერვისის (რომელიც მომხმარებლებს Facebook-ზე პროდუქტების შეძენისა და გაყიდვის საშუალებას აძლევს) 2 მილიარდი მომხმარებლისთვის უფასოდ რეკლამირებით.
Facebook ამჟამად ერთადერთი მსხვილი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც არ ექვემდებარება ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ გამოძიებას. ევროკავშირმა ადრე დაიწყო გამოძიება Microsoft-ის, Amazon-ის, Apple-ის და Google-ის წინააღმდეგ.
საკითხთან დაკავშირებულმა სამმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ Facebook-ის წინააღმდეგ ევროკავშირის ოფიციალური გამოძიება შესაძლოა რამდენიმე დღეში დაიწყოს, თუმცა ვადები ჯერ კიდევ განიხილება და გამოძიების მასშტაბები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დადგენილი.
ევროკომისიამ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, ხოლო Facebook-მა ჯერ კომენტარი არ გააკეთა. თუმცა, აღსანიშნავია Facebook-ის წინა განცხადებების გახსენება, რომ კომპანია სერვისებსა და პროდუქტებს ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ავითარებს.
არა მხოლოდ ევროკავშირი, არა მხოლოდ Facebook-ი
სინამდვილეში, ევროკომისია 2019 წლიდან აკვირდება Facebook-ის ბიზნეს პრაქტიკას და მანამდე Facebook-ის წინააღმდეგ ორი გამოძიება დაიწყო. ისინი ძირითადად სარეკლამო სერვისებსა და მონაცემებს ეხებოდა.
ერთი კვლევა დიდ მონაცემებზე იყო ორიენტირებული, ხოლო მეორე - ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე (Marketplace), რომელიც Facebook-მა 2016 წელს დააარსა. დაახლოებით 70 ქვეყანაში 800 მილიონი მომხმარებელი ამ პლატფორმას საქონლის საყიდლად და გასაყიდად იყენებს.
გამოძიების დროს ევროკავშირმა Facebook-ს დიდი რაოდენობით მონაცემები მოსთხოვა. ამ უკანასკნელმა ევროკომისიას მიაწოდა მინიმუმ 315,000 დოკუმენტი, რომლებიც სულ დაახლოებით 1,7 მილიონი გვერდი იყო. თუმცა, Facebook-მა მოგვიანებით ევროკომისიას უჩივლა იმ მოტივით, რომ გამოძიების დროს ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი მონაცემები ძალიან ფართო იყო და აღემატებოდა აუცილებელ ფარგლებს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მომხმარებლების კონფიდენციალურობას.
თუმცა, ეს Facebook-ისთვის საკმაოდ სტანდარტული ბიზნესი უნდა იყოს. ვგულისხმობთ იმას, რომ დიდი ბრიტანეთიც ცალკე ანტიმონოპოლიურ გამოძიებას აწყდება. კონკურენციისა და ბაზრების ორგანო იძიებს, იყენებს თუ არა Facebook-ი მის მიერ შეგროვებულ მონაცემებს ონლაინ რეკლამის კონკურენტების ძირის გამოთხრის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ Facebook არ არის ერთადერთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც ევროკავშირი ადანაშაულებს. ცოტა ხნის წინ, მარგარეტ ვესტაგერმა, ევროკავშირის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც პასუხისმგებელია კონკურენციასა და ციფრულ პოლიტიკაზე, ოფიციალურად დაადანაშაულა Apple. მან განაცხადა, რომ Apple ამახინჯებს კონკურენციას და კონკურენტი სტრიმინგ სერვისებისთვის მაღალ საფასურს აკისრებს. კიდევ ერთ შემთხვევაში, ევროკავშირმა გასულ ზაფხულს Amazon-ი დაადანაშაულა მის პლატფორმაზე მცირე კონკურენტების საქმიანობის ძირის გამოთხრაში. ევროკავშირი ასევე მიიჩნევს, რომ Coca-Cola ანტიკონკურენტულ ქმედებებშია ჩართული.















ბლოგარამა - ბლოგის დირექტორია